საქართველოში მყოფი უცხოელი ჟურნალისტები დღეს კახეთის რეგიონს ესტუმრებიან.
ისინი ისტორიული ძეგლების – წინანდლის მუზეუმის და ალავერდის მონასტრის მონახულების შემდეგ, ღვინის მწარმოებელი კომპანიების - ,,შუხმანის“, ,,მეღვინეობა ხარებას“ და ,,ხოხბის ცრემლების“ საწარმოებს დაათვალიერებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ სოფლის მეურნეობის სამიუნისტროდან აცნობეს, ჩატარდება ღვინის დეგუსტაცია და უცხოელ სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილზე დააგემოვნონ ქართული ღვინო, გაეცნონ ქვევრის ღვინის დაყენების უნიკალურ ტექნოლოგიას და დეტალური ინფორმაცია მიიღონ ქართული ჯიშების მრავალფეროვნების შესახებ.
ჟურნალების რედაქტორები, გამომცემლობების წარმომადგენლები, ღვინის ექსპერტები და ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მიმართულებით მომუშავე ჟურნალისტები საქართველოში 7 აპრილიდან იმყოფებიან. საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიას, ჩეხეთის, ყაზახეთის, უკრაინასა და ჩინეთის 50–მდე ჟურნალისტი საქართველოს 3 დღის განმავლობაში გაიცნობს და დაათვალიერებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტოში აცხადებენ, რომ ჩინეთი და ჩეხეთი ქართული ღვინისთვის პრიორიტეტული საექსპორტო ბაზრებია და ამ ქვეყნებიდან ჩამოსული ჟურნალ–გაზეთების რედაქტორების და ექსპერტების შეფასებებს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს.
