მიმდინარე წელს საქართველოში ტურისტების რაოდენობა 25%-ით გაიზრდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა
ვერა ქობალიამ დღეს, "ექსპოჯორჯიაში" საქმიანი ტურიზმის შეხვედრებისა და კონფერენციების პირველ და საერთაშორისო ტურიზმის 14-ე გამოფენის გახსნაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, 2012 წლის პირველ კვარტალში ტურისტების რაოდენობა 40%-ით გაიზრდა.
"მსგავსი გამოფენა და საქმიანი შეხვედრები ტურისტების რაოდენობის ზრდას უწყობს ხელს. გამოფენის მთავარი მიზანი კერძო სექტორში სამუშაო ადგილების შექმნაა. ტურიზმს პოლიტიკური მხარეც აქვს, საქართველოში ჩამოსული ტურისტები თავის ქვეყანას რეალურ ინფორმაციას აწვდიან" - განაცხადა ქობალიამ.
ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელის მაია სიდამონიძის თქმით, წელს გამოფენაზე სათავგადასავლო-კულტურულ ტურიზმთან ერთად აქცენტი სხვა სახის ტურიზმზეც კეთდება.
საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში, რომელიც 8 აპრილამდე გაგრძელდება, ადგილობრივ კომპანიებთან ერთად აზერბაიჯანული, გერმანული, თურქული, სომხური, ტაილანდური და უკრაინული კომპანიები მონაწილეობენ.
50 საგამოფენო სტენდზე 100-ზე მეტი ორგანიზაცია, ტურისტული კომპანია და დასასვენებელი კომპლექსია წარმოდგენილი.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კულტურული, ისტორიული და ღვინის ტურები, ასევე, ექტრემალური და სათავგადასავლო პროგრამები.
ტურისტული გამოფენის ფარგლებში ხვალ კონფერენცია გაიმართება.
