გილაური - "ვენდის" მსგავსი ბრენდის საქართველოში შემოსვლა ქვეყანაში დაბალ ინფლაციას ნიშნავს
გილაური - "ვენდის" მსგავსი ბრენდის საქართველოში შემოსვლა ქვეყანაში დაბალ ინფლაციას ნიშნავს
19:47 05.04.2012
"ვენდის" მსგავსი ბრენდის საქართველოში შემოსვლა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში დაბალი ინფლაცია და კორუფციის დაბალი მაჩვენებელია.  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა კომპანია "ვენდისა" და ვისოლს" შორის მემორანდუმის გაფორმების ცერემონიაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში განხორციელებული რეფორმები, რომელთა შედეგად კორუფცია აღმოიფხვრა, საგადასახადო სისტემა შეიცვალა და ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა, მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში მსგავსი მასშტაბის კომპანიები შემოვიდნენ და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას.
"ეს ნიშნავს იმას, რომ გვაქვს დაბალი, ინფლაციისა და კორუფციის მაჩვენებელი. სწორედ ამ მაკროპარამეტრებისა და რეფორმების შედეგია ის, რომ ასეთი ტიპის ბრენდები შემოდიან ბაზარზე და რეკლამირებას უწევენ ჩვენს ქვეყანას" -განაცხადა გილაურმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "ვენდის" ბრენდი დიდ ქვეყნებზე აკეთებს არჩევანს, პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო მეორე ქვეყანაა, სადაც "ვენდიმ" ინვესტიცია განახორციელა.
გილაურის შეფასებით, ცნობილ ბრენდებს საქართველოში მეტი ტურისტი და ინვესტორი მოჰყვება.
"ვისოლსა" და "ვენდის" შორის მემორანდუმის გაფორმების ცერემონია "ქორთიარდ მარიოტში" ამ წუთებში მიმდინარეობს. მას პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი ესწრებიან.
მულტინაციონალური კომპანია "ვენდი" ამერიკასა და ევროპის 27 ქვეყანაში სწრაფი კვების 6 500 ობიექტს ფლობს. იგი "ვისოლთან" ერთად საქართველოში კვების 25 ობიექტის გახსნას გეგმავს.

ბეჭდვა