გვინდაძე - 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი წარმატებით შესრულდა
გვინდაძე - 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი წარმატებით შესრულდა
12:20 05.04.2012
2011 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 7% შეადგინა, რის შედეგად წინა წელთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 3,5 მილიარდი ლარით გაიზარდა.  ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრმა 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია წარადგინა და აღნიშნა, რომ გასული წელი წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან, მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის ტემპი შენარჩუნდა და შემცირდა საბიუჯეტო დეფიციტი, ასევე შემცირდა სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან.
გვინდაძის განცხადებით, 2011 წელს მთლიანმა შიდა პროდუქტმა ერთსულ მოსახლეზე 3 215,4 აშშ დოლარი შეადგინა. რაც 2010 წლის მაჩვენებელზე 592,4 აშშ დოლარით მეტია.
როგორც ქვეყნის მათავარმა ფინანსისტმა აღნიშნა, სწორი საბიუჯეტო დაგეგმარების შედეგად, საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელი შემცირდა და 2011 წლის ბოლოსთვის მშპ-სთან მიმართებაში 3.6% შეადგინა.
მისი თქმით, ასევე უზრუნველყოფილია სახელმწიფო ვალის მდგრადობაც. მშპ-სთან მიმართებაში სახელმწიფო ვალის მაჩვენებელი 2010 წლის ბოლოსთვის არსებული 42,4%-დან 2011 წლის ბოლოსთვის 36,7%-მდე, ხოლო საგარეო ვალის მაჩვენებელი მშპ-ს 33,6%-დან 29%-მდე შემცირდა.
სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულმა სახსრებმა 7 437, 0 მლნ ლარი, მათ შორის საგადასახადო შემოსავლებმა 5 802,0 მლნ ლარი შეადგინა.
2011 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები 7 459,3 მლნ ლარზე დაფიქსირდა, რაც 2010 წლის მაჩვენებელზე 487,0 მლნ ლარით მეტია.
2011 წლის ბიუჯეტიდან გაიზარდა ყველა პრიორიტეტული დარგის დაფინანსება. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანესება 69,2 მილიონი ლარით გაიზარდა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება კი, 27,4 მილიონი ლარით და 552,5 მლნ. ლარი შეადგინა. საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსება 30,8 მლნ. ლარით გაიზარდა და 580,8 მლნ. ლარი შეადგინა. სოფლის მეურნეობის დარგის დაფინანსება 4-ჯერ გაიზარდა და 74,2 მილიონი ლარი შეადგინა.
როგორც გვინდაძემ აღნიშნა, ასევე განხორციელდა სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც, მათ შორის, ენერგოინფრასტრუქტურის, წყალ-კანალიზაციის, დევნილთა სახლების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტები.

ბეჭდვა