საქართველოში ავტოპარკი საშუალოდ 9,6%-ით გაიზარდა
საქართველოში ავტოპარკი საშუალოდ 9,6%-ით გაიზარდა
19:06 30.03.2012
საქართველოში ავტოპარკის საშუალო ზრდა 9,6%-ია. ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტ–ექსპორტისა და ავტოპარკის მდგომარეობის სტატისტიკურ-ანალიტიკური კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა.

კვლევის თანახმად, საქართველოში 2011 წლის მონაცემებით სულ 745 232 ავტოსატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული.

მსუბუქი ავტომობილების ხვედრითი წილი ყველაზე მეტი 65,7%-ია, მას 17,7-ით ჯიპის ტიპის მანქანები მოყვება. 9,8% სატვირთოს, 6,6% სამგზავროს, ხოლო ყველაზე ცოტა - 0,4% მოტოციკლს უკავია.

10 უცხოური მარკის ავტომობილებიდან პირველ ადგილზე „ოპელია“, შემდეგ „მერსედესი“, „ფორდი“, „ფოლკსვაგენი“, „ბი-ემ-დაბლიუ“, „მიტსუბიში“, შემდეგ კი - „ტოიოტა“, „ჰონდა“, „ნისანი“ და „აუდი“ მოდიან.

საქართველოში ყველაზე პოპულაული ვერცხლისფერი ავტომობილები აღმოჩნდა, მას თეთრი, ლურჯი, მწვანე, წითელი, შავი, ყავისფერი და ყვითელი ფერის სატრანსპორტო საშუალებები მოსდევენ.

საქართველოში ყველაზე გავრცელებული 11-20 წლამდე ასაკის ავტომობილები, მას რაოდენობით 7-დან 10 წლამდე სატრანსპორტო საშუალებები მოსდევენ, შემდეგ - 20 წელზე ზევით , 4-5 წლამდე და ყველაზე ბოლოს 1-2 წლიანი ავტომობილებია.

2011 წელს საქართველოში იმპორტირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ყველაზე მაღალი - 56% მსუბუქი ტიპის მანქანებს აქვს. მას 27%-ით ჯიპის ტიპის, სატვირთოს 11%, სამგზავროს 5% უკავია, ხოლო მოტოციკლს - მხოლოდ 1%.

აღნიშნული კვლევა შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებს ეფუძნება. სამინისტროში აცხადებენ, რომ ამასთან კვლევა უნიკალური ხასიათისაა, ვინაიდან ამ მომენტისათვის ანალოგიური ხასიათის სხვა რაიმე მსგავსი მიმოხილვა არ განხორციელებულა.

ბეჭდვა