სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია და ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე ხვალ იმერეთის რეგიონს ეწვევიან და წყალტუბოს მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დამატებითი ღირებულების გადასახადიდან გათავისუფლების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებას გააცნობენ.
როგორც „ნიუსპრესს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრები ადგილობრივი ფერმერის კახა ფხაკაძის ოჯახს ესტუმრებიან და მის სასათბურე მეურნეობას დაათვალიერებენ. 3000 კვ. მეტრი ფართობის სათბურში მეწარმეს პომიდორი და მწვანილი მოჰყავს.
სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე ქართულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს იმპორტირებულთან კონკურენცია უჭირდა, რადგან ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციისთვის 18%–იანი დღგ-ს გადახდა იყო საჭირო. ამ ცვლილებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასების მატების ტენდენცია შეჩერდება.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებების მიხედვით, საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე დღგ-სგან თავისუფლდება. დამატებითი ღირებულების გადასახადისგან თავისუფლდება ასევე, ქვეყანაში წარმოებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრის და თხის ახალი, ან გაციებული ხორცის მიწოდება.
