არასამთავრობოები ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის გადადგომას მოითხოვენ
არასამთავრობოები ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის გადადგომას მოითხოვენ
10:32 28.03.2012
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის გადადგომის მოთხოვნით, დღეს ეკოლოგიისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე  არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ამის შესახებ "ნიუსპრესს" ეკოლოგიური სამართლის ცენტრიდან აცნობეს.

არასამთავრობოების ეს მოთხოვნა მთავრობის ინიციატივას უკავშირდება, რომლის მიხედვით პარლამენტმა "გარემოს დაცვის შესახებ" კანონში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, დაინტერესებულ პირსა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში შეთანხმების განუსაზღვრელი ვადით დადება გახდება შესაძლებელი. ასევე, დაინტერესებული პირის მხრიდან კონკრეტულ ტერიტორიაზე განხორციელებული ყველა ქმედება კანონიერად ჩაითვლება და გარემოს დაბინძურების შემთხვევაშიც კი, მას არანაირი სამოქალაქო თუ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

ეკოლოგიური სამართლის ცენტრის იურისტის ნოდარ აფხაძის განმარტებით, არასამთავრობოებისთვის ეს ცვლილებები მიუღებელია. ასევე, მიუღებელია მინისტრის მხრიდან აღნიშნული კანონპროექტის განმარტება, თითქოს, ის საფრთხეებს არ შეიცავს.

"ჩვენთვის ასეთი ცვლილებების ავტორი მინისტრის თანამდებობაზე ყოფნა მიუღებელია, მითუმეტეს, როდესაც ამ კანონის განმარტებისას მას საზოგადოება განზრახ შეჰყავს შეცდომაში" - განცხადა აფხაძემ.

არასამთავრობოებმა აღნიშნულ კანონზე ვეტოს დადების მოთხოვნით პრეზიდენტს უკვე მიმართეს.



ბეჭდვა