თბილისში კიდევ ერთი გაფორმების ეკონომიკური ზონა ამოქმედდა
თბილისში კიდევ ერთი გაფორმების ეკონომიკური ზონა ამოქმედდა
17:23 27.03.2012
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და შემოსავლების სამსახურის უფროსმა ჯაბა ებანოიძემ დღეს გაფორმების ახალი ეკონომიკური ზონა - "აეროპორტი" გახსნეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ახალი გეზის ამოქმედებით საჰაერო გზით გადაადგილებული ტვირთების გაფორმება გამარტივდება. პროცედურა ერთი ფანჯრის პრინციპით, რამდენიმე წუთში სრულდება. ადგილზევე გაიცემა ტვირთის გაფორმებისთვის საჭირო ნებართვები და სერტიფიკატები.
ახალ გეზ-ში ტვირთის ელექტრონული დეკლარირება, "დისტანციური" დეკლარირება ელექტრონული ხელმოწერით, საჭიროების შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარება და "წითელი დერეფნის" შემთხვევაში ტვირთის ადგილზე დათვალიერება მოხდება.
"ესაა თვისობრივად ახალი მოდელი, რომელიც მსოფლიოში პირველად საქართველოში დაინერგა. ეს ძალიან მნიშვნელოავანი წინგადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ქვეყნის თანამიმდევრული ტრანსფორმირება რეგიონულ, სავაჭრო, ლოჯისტიკურ და ეკონომიკურ ჰაბად" - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
გაფორმების ეკონომიკურ ზონაში "აეროპორტი" 40-მდე თანამშრომელია დასაქმებული. ისინი მომხმარებელს ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით მოემსახურებიან.
გეზი თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს, ყოფილი საბაჟო გაფორმების ცენტრის ადგილზე გაიხსნა.
"აეროპორტის" გეზი რიგით მეოთხე გაფორმების ეკონომიკური ზონაა, რომელიც საქართველოში იხსნება. მისი ძირითადი მიზანი პროცედურების გამარტივებაა.

ბეჭდვა