სააქციო საზოგადოება „თელასის“ აქციონერთა კრების გადაწყვეტილებით, კომპანიის საწესდებო კაპიტალი დამატებითი აქციების განთავსების გზით გაიზრდება.
როგორც „ნიუსპრესს“ „თელასიდან“ აცნობეს, სულ 31 281 532 ცალი დამატებითი აქცია განთავსდება, რომელთა ნომინალური ღირებულება 1 ლარს შეადგენს. აღნიშნული აქციების განთავსების შემდეგ „თელასის“ საწესდებო კაპიტალი 112 429 418 ლარამდე გაიზრდება.
„თელასის“ ცნობით, ემიტირებული აქციების 75,001% რომელიც 23 461 356 ცალ ჩვეულებრივი აქციას შედგენს, კომპანია Silk Road Holding B.V. -ს 44 133 198 ლარად გადაეცემა, რომელიც აუდიტორულმა კომპანიამ ERNST & YOUNG-მა განსაზღვრა.
აგრეთვე, ემიტირებული აქციების 24,529%, რომელიც 7 673 054 ცალ ჩვეულებრივ აქციას შეადგენს, საქართველოს სახელმწიფოს 7 673 054 ლარად გადაეცემა.
„თელასის“ დამატებითი ჩვეულებრივი აქციების განთავსების გზით საწესდებო კაპიტალის გაზრდის შემდეგ Silk Road Holding B.V. -ს და საქართველოს სახელმწიფოს წილი კომპანიაში არ შეიცვლება.
საქართველოს მთავრობასა და კომპანია „AES-Silk Road Holding B.V.“ -ს შორის ხელშეკრულებას სს „თელასის“ აქციათა 75% -ის პრივატიზების შესახებ ხელი 1998 წლის დეკემბერში მოეწერა.
2003 წელს Silk Road Holding B.V. -ს აქციები ღია სააქციო საზოგადოებამ „ინტერ რაო ეეს“–მა შეიძინა. „თელასის“ აქციათა 75% „ინტერ რაო ეეს“-ის მფლობელობაშია, ხოლო 25%–მდე სახელმწიფოს საკუთრებაა.
