ფილიპინების ეკო-ტურიზმის სპეციალისტები საკუთარ ქვეყანაში საქართველოს პოპულარიზაციას გაუწევენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ფილიპინების კონსულ თელმო ლუი ქუნანანი და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ზედგინიძე შეთანხმდნენ.
ზედგინიძე კონსულსა და ფილიპინების დელეგაციას დღეს შეხვდა.
როგორც „ნიუსპრესს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ფილიპინების ეკო-ტურიზმის სპეციალისტების ფართომასშტაბიანი ჯგუფი საქართველოს ეწვევა, მოინახულებს ეროვნულ პარკებს, შეისწავლის ადგილობრივ სერვისებს და თავის ქვეყანაში პოპულარიზაციას გაუწევს.
„ეკო-ტურიზმი გარემოს დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ კუთხით ბევრ ქვეყანასთან ვთანამშრომლობთ, მათ შორის ფილიპინებთან. შეხვედრის მიზანი იყო საქართველოსა და ფილიპინებს შორის ეკო-ტურისტული პოტენციალის შესწავლა და იმ უწყებების დამეგობრება, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობენ“ - განაცხადა ზედგინიძემ.
თელმო ლუის ქუნანანის თქმით, ქართულ მხარესთან თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის შედეგის მომტანი იქნება.
„საქართველოში ჩვენი ვიზიტის მიზანია, ხელი შევუწყოთ ფილიპინებიდან საქართველოში ეკო-ტურიზმის განვითარებას. ვიმედოვნებ, საქართველოსა და ფილიპინებს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება. ეს იქნება ორმხრივად სასარგებლო და შედეგს მოუტანს როგორც საქართველოს, ასევე ფილიპინებს" - განაცხადა ქუნანანმა.
გარემოს დაცვის სამინისტროში ფილიპინელ სტუმრებს საქართველოს დაცულ ტერიტორიებში არსებული ეკო-ტურისტული სერვისები გააცნეს და ფილიპინებიდან საქართველოში ორგანიზებული ტურების მოწყობაში მხარდაჭერას დაჰპირდნენ.
