დღეიდან სილამაზის სალონები და პურის თონეები ყოველთვიურ გადასახადს - 50 ლარს ფიქსირებული სახით გადაიხდიან.
აღნიშნულის თაობაზე "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები ლევან ვეფხვაძე, ჯაბა სამუშია და გიორგი ახვლედიანი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსს ჯაბა ებანოიძეს შეხვდნენ.
ლევან ვეფხვაძის განცხადებით, შემოსავლების სამსახურის უფროსთან მცირე მეწარმეებისთვის დაწესებული გადასახადის რაოდენობაზე შეთანხმდნენ. შეთანხმებით გადასახადს ფიქსირებული სახე ექნება და თითო თონესა და სალონის სავარძელზე 50 ლარით განისაზღვრება.
"ამ კუთხით პირველად ცვლილება შეეხება სილამაზის სალონებსა და პურის თონეებს. თავიდან, თითო თონეზე 100 ლარის დაწესებაზე იყო საუბარი, თუმცა, ეს ძალიან მაღალი გადასახადია. ჩვენი ჩარევითა და აქტიური მუშაობით 100 ლარი განახევრდა და ამჟამად 50 ლარია"- განუცხადა "ნიუსპრესს" ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, მცირე მეწარმეებისთვის ფიქსირებული გადასახადის გადახდა სავალდებულო არ იქნება და მათ საშუალება ექნებათ ძველ და ახლ საგადასახდო სისტემას შორის არჩევანი გააკეთონ.
"მათ შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ ახალსა და ძველ სისტემაზე - ეს არის ბრუნვაზე მიბმული გადასახადი ან ფიქსირებული გადასახადი. მათი დიდი ნაწილი ბუნებრივია, ფიქსირებულ გადასახადს აირჩევს და სალარო აპარატების დადგმაც აღარ მოუწევთ"- აღნიშნა ვეფხვაძემ.
მისი განმარტებით, გარდა ფისკალური ეფექტისა, ფიქსირებული გადასახადი მეწარმეს ბუღალტერიისა და სხვა დამატებით ხარჯებს შეუმცირებს.
დღესვე, "ქრისტიან-დემოკრატებმა" ახალი საგადასახადო სისტემა თონეებისა და სილამაზის სალონების მფლობელებს პირადად გააცნეს.
