სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია და ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურს ეწვევიან და ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის პროდუქციის დღგ-სგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მთავრობის ახალ ინიციატივას გააცნობენ.
როგორც "ნიუსპრესს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის შემდეგ მინისტრები შუბითიძეების ოჯახს ესტუმრებიან და კიტრის სათბურს დაათვალიერებენ.
სამინისტროს განმარტებით, ქართულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს იმპორტირებულთან კონკურენცია უჭირდა, რადგან ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციისთვის 18%–იან დღგ-ს გადახდა იყო საჭირო. ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში" შესული ცვლილებების მიხედვით, საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე დღგ-სგან თავისუფლდება. დამატებითი ღირებულების გადასახადისგან თავისუფლდება ასევე ქვეყანაში წარმოებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრის და თხის ახალი, ან გაციებული ხორცის მიწოდება.
