ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონის წაკითხვას ურჩევს.
აღნიშნული განცხადება ხეთაგურმა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით გააკეთა, რომლებიც საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს აპროტესტებენ.
გარემოს დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით, დაინტერესებულ პირსა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის შესაძლებელია შეთანხმების დადება, რომლის მიხედვითაც დაინტერესებული პირის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება კანონიერად ჩაითვლება სახელმწიფოსათვის გადახდილი გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ. მათივე თქმით, შეთანხმების დადების დღიდან, პირს აღარ დაეკისრება არანაირი სახის სამოქალაქო და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
"ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, მარტივად ვურჩევდი, დაჯდეს და წაიკითხოს თეთრზე შავით რა წერია. აქედან გამომდინარე, უაზროა ის პროტესტი, რომელსაც ისინი გამოთქვამენ. უაზრობაა რომელიმე კომპანიამ მიიღოს ინდულგენცია მომავალზე, ეს კანონი მომავალზე არ ვრცელდება. ეს კანონი ფარავს მხოლოდ და მხოლოდ წარსულში არსებულ დარღვევებს. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კომპანიას კონკრეტული დარღვევა ექნება, ეს კანონი უშვებს ამ კომპანიასთან კონკრეტული შეთანხმების გაფორმებას, რადგან არ მოხდეს კომპანიის დალუქვა, არამედ, მოხდეს დარიცხული ჯარიმის რესტრუქტურიზაცია" – განმარტა ალექსანდრე ხეთაგურმა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს პრეზიდენტს პარლამენტის მიერ მიღებულ "გარემოს დაცვის შესახებ" კანონის ცვლილებებზე ვეტოს დადება მოთხოვეს.
