აზარტული თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია კლუბში მიმდინარე თამაშების წესებში განხორციელებული ცვლილების შესახებ, შემოსავლების სამსახური ჩააყენოს საქმის კურსში.
ამას "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
ცვლილებების თანახმად, აზარტული თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია აზარტული კლუბის და სათამაშო აპარატების სალონში მიმდინარე თამაშობების ჩამონათვალსა და თამაშის წესებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, თანხმობის მისაღებად, ხოლო სხვა ცვლილების შემთხვევაში – ცვლილების განხორციელებიდან 2 სამუშაო დღეში, ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს.
გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით, აზარტული კლუბის ადგილმდებარეობის შეცვლის შემთხვევაში, აზარტული თამაშობის ორგანიზატორმა შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შესაბამისი თამაშობის მოწყობის პირობები.
კანონპროექტი ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა.
