მსოფლიო ბანკმა საქართველოს გზების რეაბილიტაციისთვის 70 მლნ აშშ დოლარი გამოყო
მსოფლიო ბანკმა საქართველოს გზების რეაბილიტაციისთვის 70 მლნ აშშ დოლარი გამოყო
11:16 22.03.2012
მსოფლიო ბანკმა საქართველოს რეგიონული გზების რეაბილიტაციისთვის 70 მლნ აშშ დოლარი გამოუყო. ამასთან დაკავშირებით დღეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის  "შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტის" დაფინანსებისა და სასესხო ხელშეკრულებები გაფორმდა.

ხელშეკრულება საქართველოსთვის თანხის გრძელვადიანი და შეღავათიანი პირობებით გამოყოფას ითვალისწინებს. მას ხელი ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა ასად ალამმა მოაწერეს.

ცერემონიას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილიც დაესწრო.

დოკუმენტის თანახმად, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 225 კილომეტრი საერთო გზის რეაბილიტაცია მოხდება, ხოლო თანხის ნაწილი კახეთის რეგიონული გზების, დაახლოებით 200 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთის მოვლა-შენახვა-რეაბილიტაციას მოხმარდება.

პროექტის ფარგლებში საქართველოში სულ 19 ადგილობრივი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება. სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაიწყება და 2013 წლის ბოლოს დასრულდება.

როგორც დიმიტრი გვინდაძემ განმარტა, სასესხო ხელშეკრულება 25 წელის ვადით დაიდო. მთლიანად პროექტის ფარგლებში 5 ათასამდე მოქალაქე დასაქმდება. პროექტს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.

 მსოფლიო ბანკის წარმომადგენლის ასად ალამის თქმით, პროექტი სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

 მისივე ცნობით, 1992 წლიდან მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის 1,6 მლრდ აშშ დოლარია სესხის სახით გამოყოფილი.

 
ბეჭდვა