ქართული კომპანია "ბიოპროდუქტის" ასკილის ბიოწვენი "ფუნქციური სასმელების ინოვაციების საერთაშორისო კონკურსის" გამარჯვებული გახდა.
ასკილის ბიოწვენმა "იმუნიტეტის გამაძლიერებელი საუკეთესო სასმელის" კატეგორიაში გაიმარჯვა.
გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია ლონდონში, გლობალური სასმელების ინოვაციების კონგრესის ფარგლებში შედგა.
საერთაშორისო კომისიამ საუკეთესო პროდუქტი 21 სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლინა.
"მაღალკვალიფიციური ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ ცნობილ კომპანიებს შორის უპირატესობა "ბიოპროდუქტს" და მის ასკილის წვენს მიანიჭა. ეს გამარჯვება ახალბედა კომპანიისთვის დიდი წარმატებაა" - აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა მერაბ აბაშიძემ.
როგორც "ნიუსპრესს" ეროვნული საინვესტიციო სააგენტოდან აცნობეს, "ბიოპროდუქტის" ასკილის წვენი კონკურსზე გაგზავნილი ერთადერთი ქართული პროდუქტი იყო.
