ქართული კომპანიები უცხოეთში ქართულ დიასპორას თავის პროდუქტს შესთავაზებენ
ქართული კომპანიები უცხოეთში ქართულ დიასპორას თავის პროდუქტს შესთავაზებენ
13:45 21.03.2012
ქართული ბიზნესის წამომადგენლები უცხოეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორას საკუთარ პროდუქტსა და მომსახურებას შესთავაზებენ.
აღნიშნული საკითხის განსახილველად დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია დღეს საქართველოში მოქმედი 46 კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა.
მინისტრის თქმით, სამშენებლო, სადაზღვევო, საბანკო და ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ქართულ დიასპორებს მასთან ერთად შეხვდნენ და თავისი პროდუქტი და მომსახურება შესთავაზონ.
"ვფიქრობ შედეგი კარგი იქნება, რადგან დაინტერესება ორმხრივია. ქართული დიასპორა ფინანსურად საკმაოდ მძლავრია. ერთი მხრივ, დიასპორას აინტერესებს ქართული ბაზარი და მასში თანხების დაბანდება და მეორე მხრივ კი, ქართული ბიზნესი პოტენციურ გასაღების ბაზარს მოიპოვებს"- განაცხადა დავითაიამ.
ქართველი ბიზნესმენები აღნიშნულ ინიციატივას დადებითად შეხვდნენ.
"ვფიქრობთ საინტერესო ინიციატივაა, რაც ახალი კონტაქტებისა და ბიზნესის გაფართოების საშუალებას მოგვცემს" - განაცხადა ტურისტული კომპანია "თრეველ შოფ"-ის წარმომადგენელმა ნიკოლოზ მანჯგალაძემ.

ბეჭდვა