საქართველოში ელექტროენერგიის გადასახადი რეგიონის ქვეყნებთან შედარებით ყველაზე დაბალია. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა პარლამენტის სხდომაზე
მას შემდეგ გააკეთა, რაც უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე დაინტერესდა - აისახება თუ არა დენის ტარიფზე ახალი ჰესების მშენებლობა.
გილაურის თქმით, ახალი ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია პირველ ეტაპზე იაფი არ იქნება, რადგან მშენებლობა ძვირი ჯდება.
მისივე თქმით, ახალი ჰესები ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას დამატებით მდგრადობას მიანიჭებს. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთრის პერიოდში საქართველოსვე მოხმარდება.
"ზამთარში ახალი ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია საქართველოს მოხმარდება და კონკურენციას გაუწევს თბოსადგურებზე გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასს. ეს კი საბაზრო პრინციპიდან გამომდინარე ახალ რეალობას შექმნის. ეს რეალობა ციფრებში გაწერილი 2015-2016 წლებში გვექნება" - აღნიშნა პრემიერმა.
