აფბა - მთავრობა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებს აჭიანურებს
აფბა - მთავრობა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებს აჭიანურებს
18:30 20.03.2012
საქართველოს მთავრობა აშშ-სთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე მოლაპარაკებებს განზრახ აჭიანურებს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "აფბას" პრეზიდენტმა ნოდარ ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე წელია საქართველოს მთავრობა ევროკავშირის 4 მოთხოვნიდან არც ერთს არ ასრულებს, ესენია - სტატისტიკის უწყებისა და სტატისტიკის სისტემის რეფორმირება, შრომის კოდექსის შეცვლა, სურსათის უვნებლობის პრობლემის მოგვარება, ანტიმონოპოლიური რეგულირების საკანონმდებლო უზრუნველყოფა და ანტიმონოპოლიური სრულფასოვანი მარეგულირებელი უწყების შექმნა.

ჭიჭინაძე აცხადებს, რომ არც ერთი მიმართულებით საქართველოს ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. ევროკავშირი კი - თავისუფალი ვაჭრობის დადების წინაპირობად სწორედ ამ საკითხებს განიხილავს.

"მოთხოვნები, რომელიც ევროკავშირმა დასაწყისშივე წაუყენა ქართულ მხარეს ჯერ არ შესრულებულა, ან ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები იმდენად მცირე მასშტაბებისაა, რომ რეალურ სურათს არ ცვლის. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა და მოლაპარაკებები კვლავ კონსულტაციების დონეზეა" - აცხადებს ჭიჭინაძე.

აფბა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს შეიმუშაოს ევროკავშირთან და აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადების გზაზე არსებული პრობლემების მოგვარების გეგმა, გააცნოს იგი როგორც ქართულ საზოგადოებას ისე ჩვენს პარტნიორებს მოლაპარაკების პროცესში.


ბეჭდვა