სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი ქართულ ბაზარზე კარაქის წარმოებაში დარღვევებზე საუბრობს.
როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ლაბორატორიიდან მიღებული პასუხით, "სამგორი" და "ქობულეთურის" მიერ წარმოებული პროდუქტის ეტიკეტზე არასწორი ინფორმაციაა მითითებული, რადგან მათი პროდუქცია კარაქი არ არის.
ლაბორატორიის დასკვნის მიხედვით, "სამგორის" "ნაღების კარაქის" პროდუქტში რძის ცხიმის შემცველობა 50.8%-ს შეადგენს. ამის მიხედვით, ეს პროდუქტი არა ნაღების კარაქი, არამედ შერეული სპრედია. ხოლო "ქობულეთური სპრედის" ცხიმებში რძის ცხიმის შემცველობა მხოლოდ 0,6%-ია. ამ პროდუქტს კი, ცხიმის სპრედი ან შერეული ცხიმების სპრედი უნდა ერქვას.
საქართველოს ეროვნულ სტანდარტად აღიარებული საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, ნაღები მთლიანად რძის პროდუქტს უნდა წარმოადგენდეს და მასში რძის ცხიმის შემცველობა 10%-დან 80%-მდე უნდა იყოს.
ევროკავშირის 299/114 რეგულაციით, კარაქი ან მარგარინი შეიძლება ეწოდოს მხოლოდ იმ პროდუქტს, რომლის ცხიმიანობა 80-დან 90%-მდეა. პროდუქტებს, რომლის ცხიმიანობაც უფრო დაბალია, სპრედები ეწოდება.
