2011 წელს ეკონომიკა 7 პროცენტით გაიზარდა
2011 წელს ეკონომიკა 7 პროცენტით გაიზარდა
12:43 20.03.2012
2011 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 7% შეადაგინა. ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე სტატისტიკის ეროვნული  სამმართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ჭელიძემ განაცხადა, რომელმაც ჟურნალისტებს 2011 წლის მეოთხე კვარტალისა და მთლიანად 2011 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის წინასწარი მაჩვენებლები გააცნო.
"საქსტატი" საბოლოო დაზუსტებულ მონაცემებს 2012 წლის 15 ნოემბერს გამოაქვეყნებს.
"საქსტატის" ინფორმაციით, 2011 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას ყველაზე მეტად საბანკო სექტორის განვითარებამ შეუწყო ხელი, რაც 24%-ით არის გაზრდილი. ზრდის ტემპით მეორე ადგილზე დამამუშავებელი მრეწველობის სფეროა.
"საქსტატის" ანგარიშის თანახმად, მშპ-ს მეოთხე კვარტალის ზრდაში დიდი წვლილი შეიტანა მშენებლობის სექტორის განვითარებამ, რამაც ხელი შეუწყო ეკონომიკის წლიური მაჩვენებლის ზრდასაც.
ვაჭრობისა და მრწეველობის დარგებში ზრდა 17%-ზე დაფიქსირდა, ხოლო სოფლის მეურნეობის დარგში - 5%-ზე.
"სოფლის მეურნეობა ნელ-ნელა უბრუნდება ზრდის იმ მაჩვენებელს, რომელიც მას წლების წინ ჰქონდა" - აღნიშნა ჭელიძემ.
მისი თქმით, გასულ წელს კავშირგაბმულობის, ტრანსპორტისა და სასტუმროების სექტორის ეკონომიკური ზრდაც აღინიშნა, რაც ტურისტული სექტორის განვითარებამ განაპირობა.
ჭელიძის განცხადებით, 2011 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-მ 3 200 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებლს 22%-ით აღემატება.
"საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული ბოლო 7 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების მიხედვით, ამ პერიოდში საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად 6%-ით იზრდება, რაც შეეხება კლებას, 2011 წელს ეს პროცესი სამთო მოპოვებითი მრეწველობის დარგში დაფიქსირდა.

ბეჭდვა