გარდაბნის მუნიციპალიტეტში ბეტონის სარწყავი არხები თანამედროვე მასალით შეიცვლება
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ბეტონის სარწყავი არხები თანამედროვე მასალით შეიცვლება
15:48 30.07.2013
საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია, საირიგაციო და სადრენაჟე სისტემების მოწესრიგების პროექტის ფარგლებში, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას გეგმავს.
ამ მიზნით, ზემო სამგორის სარწყავი სისტემის გამანაწილებელი რკინა-ბეტონის ღარი, სატესტო რეჟიმში, მინაქსოვილით არმირებული კომპოზიტური მასალით დამზადებული ღარებით შეიცვალა.
სამუშაოები სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით შერვაშიძემ და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორმა ვაჟა კირტავამ დაათვალიერეს.
,,სამინისტრომ უკვე დაიწყო საირიგაციო სისტემების რეაბილიტაციის 3 წლიანი პროგრამა, რომლის მიზანია მოხდეს 180 ათას ჰექტრის გასარწყავება. ამ ახალი ტექნოლოგიის დანერგვით კი, პირველ რიგში წყლის დინების რეგულაციას და ეფექტურად ხარჯვას, ასევე სამუშაოების შესრულების დროის შემცირებას შევძლებთ. აღსანიშნავია, რომ არხების ახალი მასალით რეაბილიტაცია შესაძლებელია ხელით და არ საჭიროებს მძიმე ტექნიკას და ამწე-მექანიზმებს. სარწყავი სისტემების გამართული მუშაობა ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ზრდას შეუწყობს ხელს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი ფერმერების ეკონომიკურ მდგომარეობას“ - განაცხადა დავით შერვაშიძემ.
მსგავსი საცდელი ღონისძიება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ კომპოზიტური მასალისგან დამზადებული ღარები, რომელსაც კომპანია დადებითი შეფასების შემთხვევაში სამომავლოდ სარწყავი სისტემების ინფრასტუქტურის მოსაწესრიგებლად გამოიყენებს, საქართველოშია წარმოებული.

ბეჭდვა