ხალხური რეწვა ეკონომიკურად მომგებიანი სფერო გახდება
ხალხური რეწვა ეკონომიკურად მომგებიანი სფერო გახდება
13:58 16.03.2012
საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ევროკავშირის ხელშეწყობით ტრადიციული რეწვის განვითარების პროექტი განხორციელდება. ამის შესახებ პროექტის ორგანიზატორებმა დღეს  "ევროპის სახლში" გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
პროექტის მიზანია კავკასიის რეგიონში ტრადიციული რეწვა ეკონომიკურად მომგებიან სფეროდ იქცეს.
"საქართველო ხალხური რეწვის პროდუქტით, ხელნაკეთი ნივთების მრავალფეროვნებით მდიდარი ქვეყანაა. ახლა საჭიროა, რომ ხალხური რეწვა საბაზრო მოთხოვნებს მოერგოს" - განაცხადა "ნიუსპრესთან" საუბრისას ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის "ისტორიალის" დირექტორმა, პროექტის ხელმძღვანელმა მაკა დვალიშვილმა.
აპრილში, საქართველოში იუნესკო-ს ექსპერტის ვიზიტია დაგეგმილი, რომელიც ამ მიმართულებით რეკომენდაციებს გასცემს და ვორქშოპებს ჩაატარებს.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომელმა, პროექტის მენეჯერმა ოლივერ რაისნერმა "ნიუსპრესს" განუცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, ევროკავშირი საქართველოში კიდევ 12 პროექტს განახორციელებს.
მისი თქმით, ყველა პროექტი კულტურის როლის გაძლიერებას დაეხმარება, რადგან საქართველო მდიდარი კულტურის მქონე ქვეყანაა.
პროექტი "ტრადიციული რეწვა - ერთიანი პლატფორმა განვითარებისთვის, შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის გაძლიერება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის პრეზენტაცია 2012 წლის 22 მარტს ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

ბეჭდვა