დაუბეგრავი მინიმუმის ოდენობის თანხაზე, ფიზიკური პირების ანგარიშებზე იძულებითი ღონისძიებები არ გავრცელდება
დაუბეგრავი მინიმუმის ოდენობის თანხაზე, ფიზიკური პირების ანგარიშებზე იძულებითი ღონისძიებები არ გავრცელდება
18:32 26.12.2012
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამინისტრო, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, არსებული საგადასახადო ადმინისტრირების ლიბერალიზაციისთვის კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს. ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე იძულებითი ღონისძიებები არ გავრცელდება დაუბეგრავი მინიმუმის (თვეში 150 ლარი) ოდენობის თანხაზე.
ნოდარ ხადურის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 25 დეკემბერს ცვლილება შევიდა ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #994 ბრძანებაში, რომლის თანახმადაც, შემოსავლების სამსახურის უფროსს მიეცა უფლებამოსილება დავალიანების მქონე ფიზიკური პირის მოთხოვნის შემთხვევაში, ამ პირის საბანკო ანგარიშზე დადებული ყადაღა და ინკასო აღარ გაავრცელოს დაუბეგრავი მინიმუმის - თვეში მხოლოდ 150 ლარის ოდენობის თანხაზე და იძულებითი ღონისძიებები მიმართოს მხოლოდ საარსებო მინიმუმის ზემოთ არსებულ სახსრებზე.
ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში, ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებიდან აღარ ჩამოიჭრება დაუბეგრავი მინიმუმის ოდენობის თანხა და მათ უფლება ექნებათ სრულად განკარგონ ანგარიშზე დარჩენილი 150 ლარის ოდენობის ფულადი სახსრები.

ამჟამად, საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის ნებისმიერი ანგარიშიდან საინკასო დავალებით ჩამოწეროს დავალიანების თანხები ან ყადაღა დაადოს ამ თანხებს.


ბეჭდვა