ნოდარ ხადური - 2013 წლიდან ქვეყანას ხალხის საჭიროებაზე ორიენტირებული ბიუჯეტი ექნება
ნოდარ ხადური - 2013 წლიდან ქვეყანას ხალხის საჭიროებაზე ორიენტირებული ბიუჯეტი ექნება
12:24 25.12.2012
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, საქართველოს 2013 წლის ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა 8 მილიარდ 425 მილიონ 5 ათასი ლარია, საიდანაც გადასახადებზე 6 მილიარდ 920 მილიონი ლარი მოდის, გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი 202,5 მილიონი ლარია ხოლო სხვა შემოსავლების მუხლით 300 მილიონი ლარის მობილიზებაა დაგეგმილი.
რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, ის 8 მილიარდ 748,5 მილიონ ლარს შეადგენს.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2013 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები განათლება, ჯანდაცვა და სიოციალური მომსახურება, ლტოლვილთა პირობების გაუმჯობესება, გარემოს დაცვა და ინფრასტრუქტურული პროექტებია.
„ჯანდაცვა და დაზღვევა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. 2012 წელთან შედარებით, ჯანდაცვის დაფინანსება 535 მილიონი ლარით იზრდება. მომავალ წელს მნიშვნელოვნად გაიზრდება ასევე პენსიებიც. 1 აპრილიდან ასაკით და პირველი ჯგუფის ინვალიდობის პენსია ყველასთვის გათანაბრდება და ის 125 ლარი გახდება, ხოლო 1 სექტემბრიდან, ჩვენი წინასაარჩევნო დაპირების თანახმად, ის საარსებო მინიმუმს გაუტოლდება და 150 ლარი გახდება.
ასევე გაიზრდება ინვალიდობის პენსია, მაჩენალდაკარგულთა და პოლიტრეპრესირებულთა პენსია და ის 100 ლარს გაუტოლდება, ხოლო იმ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შემწეობა, რომელთაც 57 ათას ქულაზე ნაკლები აქვთ - გაორმაგდება“ - განაცხადა ხადურმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, მომავალი წლის თებერვლის თვიდან, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე მინიმალური პაკეტით დაეზღვევა, ხოლო 1 ივნისიდან, მათი დაზღვევა საბაზისო პაკეტით მოხდება, რაც სასწრაფო და დაგეგმილი ოპერაციების, აგრეთვე გამოკვლევა-დიაგნოსტირების დაფინანსებას ითვალისწინებს.

ბეჭდვა