საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, დღეს ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის თემა საქართველოში სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის (PFM) კუთხით არსებული მდგომარეობა იყო. 
შეხვედრას,  ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი, აღმოსავლეთ სამეზობლოს გეოგრაფიული კოორდინირების განყოფილების ხელმძღვანელი ანდრეა ფონტანა, ევროპის დახმარების სამსახურის ოფიცერი თანამშრომლობის სფეროში ინგრიდ შვაიგერი და ოფიცერი პოლიტიკის საკითხებში პიერ დიუბმანი დაესწრნენ. 
„საკმაოდ საინტერესო შეხვედრა შედგა. სახელმწიფო ფინანსების მართვის პროგრამა  ბიუჯეტის გამჭვირვალობას და საჯარო ფინანსების მართვის სრულყოფა სითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. ვისაუბრეთ 2014-2017 წლების გეგმებზე, მათ შორის, სამი ძირითადი მიმართულებით:  პირველი შეეხება ბიუჯეტის ეფექტიანობის ზრდას, მის გამჭვირვალობას, მეორე ესაა ფისკალური დეცენტრალიზაცია - ადგილობრივი თვიმმართველობების უზრუნველყოფა საკუთარი ფულადი შემოსავლებით და მესამე -  კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ყველა ეს მიმართულება ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. 
მისივე თქმით, დაწყებულია ფინანსთა სამინისტროს განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა. „მივიღეთ დაპირება, რომ ამ პროცესში ევროკავშირი დაგვეხმარება, რათა ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშაოს გრძელვადიანი განვითარების პროგრამა. მომავალ წელს ჩვენ შევძლებთ ჩამოვაყალიბოთ სერიოზული ხედვა ქვეყნის ეკონომიკისა და საბიუჯეტო პროცესის განვითარების შესახებ“ - აღნიშნა ნოდარ ხადურმა. 
 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       