საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით კირვალიძემ ლამი-მისაქციელის სარწყავ სისტემაზე  მიმდინარე სამუშაოები  დაათვალიერა. 
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით,  დღემდე ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემით 500 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგული ირწყვებოდა. არხის რეაბილიტაციის შემდეგ  კი,  შესაძლებელი იქნება 4 500 ჰა ფართობის გასარწყავება. 
„აღმოსავლეთ საქართველოში მოსავლიანობის ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი წყლის დეფიციტია. ამ მასშტაბის სამუშაოების ჩატარება კი პრობლემას გადაწყვეტს, რაც მომავალი წლისთვის   მოსავლიანობის გაზრდას მნიშვნელოვნად  შეუწყობს ხელს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს მთელ ქვეყანაში  საირიგაციო სისტემების ფუნქციონირების გაუმჯობესება წარმოადგენს“ - განაცხადა კირვალიძემ. 
ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემა 1971 წლიდან ფუნქციონირებს და ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე კაპიტალური შეკეთება და არხების გაწმენდითი სამუშაოები არ ჩატარებულა. 1991 წელს არხზე განხორციელდა მცირე სარემონტო სამუშაოები. არხზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წლის აპრილის თვეში დასრულდება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       