ნოდარ ხადური ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
ნოდარ ხადური ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
18:40 21.11.2012
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დღეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის, მოლდოვისა და ბელორუსის წარმომადგენლობების დირექტორთან პოლ-ანრი ფორესტიერთან გამართა შეხვედრა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
„EBRD-ი საქართველოში 20 წელია მუშაობს. მისი ძალისხმევით მნიშვნელოვანი პროექტებია განხორციელებული, მათ შორის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში, ასევე მყარი ნარჩენების მართვის კუთხით. ჩვენ ამ მიმართულებით თანამშრომლობას გავაგრძელებთ. ვიმსჯელეთ იმ პროქტებზე, რომლის განხორციელებაც იგეგმება მომავალ წლებში. ასევე, ვისაუბრეთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველი დირექტორის, ოლივიე დეშამის დაგეგმილ ვიზიტზე საქართველოში. ამ მიმართულებით სერიოზულად ვმუშაობთ, რათა შეხვედრების დროს გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რომ ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, განხორციელდეს და რაც მთავარია, მაქსიმალური ეფექტი მიიღოს ქვეყანამ “ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
EBRD-ის მმართველი დირექტორის ვიზიტი საქართველოში, მომავალ კვირას შედგება.

ბეჭდვა