საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს სარა ვილიამსონს შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით,შეხვედრაზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„შეხვედრა იყო ორმხრივად სასარგებლო. ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც ვგეგმავთ, მათ შორის, საგადასახადო სფეროში, ადმინისტრირების გაუმჯობესების კუთხით. რაც მთავარია, შევთანხმდით, რომ საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის პროცესი ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის, რათა საგადასახადო კოდექსი იყოს უფრო სრულყოფილი და პასუხობდეს იმ რეალობას, რომელშიც ვიმყოფებით“ - განაცხადა ნოდარ ხადურმა შეხვედრის შემდეგ.
ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის განცხადებით კი, ისინი სამინისტროს წინადადებას, განხილვების პროცესში ჩართული იყოს როგორც ბიზნესი, ასევე საზოგადოება - მიესალმებიან.
