ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
16:38 09.11.2012
ფინანსთა სამინისტროში, საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებმა ნოდარ ხადურმა და გიორგი კვირიკაშვილმა მოადგილეებთან ერთად საქართველოში საფრანგეთის ელჩი რენო სალენსი და საელჩოს სხვა წარმომადგენლები მიიღეს.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა შეხვდრაზე იმ პროექტებზე იმჯელეს, რომელიც საფრანგეთის მხარდაჭერით საქართველოში ამჟამად მიმდინარეობს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან და განსაკუთრებით, მის ლიდერ ქვეყნებთან ურთიერთობა. საფრანგეთი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ის პროექტები, რომელიც საქართველოში საფრანგეთის მხარდაჭერით ხორციელდება, ცხადია, რომ გაგრძელდება. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა თვისობრივად უფრო ახალ, მაღალ დონეზე იყოს აყვანილი. საუბარი შეეხებოდა იმ პროექტებს, რაც აქამდე განხორციელდა. ვისაუბრეთ სამომავლო პროექტების პერსპექტივებზე,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით კი, ამჟამად მიმდინარეობს ყველა იმ დაწყებული პროექტის განხილვა, რომელსაც ფრანგული მხარე საქართველოს მთავრობასთან ერთად აფინანსებს.

საუბარია, ქუთაისის აეროპორტის თემაზე, სვანეთის სათხილამურო-საბაგირო გზებზე, ასევე თბილისისა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტირების სისტემებზე.
საქართველოში საფრანგეთის ელჩის რენო სალენსის თქმით, შეხვედრაზე ფრანგული მხარე საქართველოს ეკონომიკისა, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისა და ახალი მთავრობის პრიორიტეტებით დაინტერესდა. „მოხარული ვართ გაგრძელდეს პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის და გამოიკვეთოს თანამშრომლობის ახალი სფეროები“ - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.

ბეჭდვა