ირაკლი ეზუგბაიას თქმით, რკინიგზის თანამშრომლების მოთხოვნების რადიკალიზაცია მოულოდნელი იყო
ირაკლი ეზუგბაიას თქმით, რკინიგზის თანამშრომლების მოთხოვნების რადიკალიზაცია მოულოდნელი იყო
13:37 26.10.2012
„საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორის ირაკლი ეზუგბაიას განცხადებით, კომპანიის თანამშრომლების მოთხოვნების რადიკალიზაცია მისთვის მოულოდნელი იყო.

რკინიგზელთა აქციას, რომელიც რამდენიმე დღეა ხელფასის მომატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით მიმდინარეობს, ეზუგბაია დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა.

იგი მიიჩნევს, რომ თანამშრომლებს თავისი მოთხოვნების აქციით გამოხატვის ლეგიტიმური უფლება აქვთ, თუმცა, ყველაფერი კონსტრუქციულ რეჟიმში უნდა მოხდეს.

რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ხელფასის მატებასთან დაკავშირებით თანამშრომლებთან მოლაპარაკებები დიდი ხანია მიმდინარეობს და პროცესის რადიკალიზაციის მიზეზი არ არსებობდა.

მისი თქმით, რკინიგზელების ხელფასი რანგირების პროცესის ფარგლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგალითად, მემანქანის ხელფასი 1 250 ლარს შეადგენს, დისპეჩერის - 1 800 ლარია, ხოლო დიდი სადგურების ოპერატორებს ანაზღაურება 900-დან 2 500 ლარამდე მერყეობს.

ეზუგბაია აცხადებს, რომ ხელფასის ოპტიმალური მომატება შესაძლებელია, თუმცა, გონივრულ ფარგლებში და მისაღები მეთოდებით.

რაც შეეხება ეჭვს იმის შესახებ, რომ გაფიცვები ორგანიზებულ ხასიათს ატარებს და საბოტაჟის ნიშნებს შეიცავს, ეზუგბაიას განმარტებით, საჭიროა ამ საკითხზე გამოძიების ან მოკვლევის ჩატარება.


ბეჭდვა