„ლიბერთი ბანკის“ ხელმძღვანელის ლადო გურგენიძის განცხადებით, სინამდვილეს არ შეესაბამება „სახალხო ბანკის“ დამფუძნებლის და ერთ-ერთი აქციონერის,
გიორგი გოგუაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს მას ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ ხელმძღვანელობა დაუკავშირდა და მოლაპარაკებები შესთავაზა.
როგორც გურგენიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყველაფერი პირიქით მოხდა - მედიასთან გაკეთებული განცხადებების შემდეგ, გოგუაძემ მას თვითონ დაურეკა.
„მე მასთან არ დამირეკავს და არც არაფერი შემითვლია ერთი მიზეზით - არ არსებობს რაიმე პრობლემა, რომელიც მოლაპარაკებას ან მოლაპარაკების გზით გადაჭრას საჭიროებს“ - აღნიშნა მან.
გურგენიძე განმარტავს, რომ „ლიბერთი ჯგუფმა“ „ლიბერთი ბანკის“ 91% 15 მლნ დოლარად 2009 წლის სექტემბერში შეიძინა, როდესაც ბანკი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა, რადგან „2008 წელს კლინიკური სიკვდილი გადაიტანა“.
„შევიძინეთ სრულიად სხვა ადამიანებისგან, ბანკის მაშინდელი მფლობელებისგან“ - აღნიშნა გურგენიძემ.
მისივე თქმით, მას შემდეგ „ლიბერთი ჯგუმა“ „ლიბერთი ბანკის“ სააქციო კაპიტალში 30 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, ჯამში კი, ბანკის კაპიტალი, სამი წლის განმავლობაში, 41 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
გურგენიძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ 19 ოქტომბრამდე გუგუაძესთან კონტაქტი 2004-2005 წლის შემდეგ აღარ ჰქონია.
მისივე თქმით, ამჟამად „ლიბერთი ბანკი“ მის სააქციო კაპიტალში შემოსვლასთან დაკავშირებით რამდენიმე უცხოელ ინვესტორთან ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებს და გოგუაძის მიერ გაკეთებული განცხადებები ამ პროცესს ხელს არ შეუწყობს.
რამდენიმე დღის წინ „სახალხო ბანკის“ დამფუძნებლებსა და აქციონერებს - გიორგი გოგუაძეს, ირინა ჯინჭარაძეს და ალიონა კოვალენკოს ქონების ჩამორთმევისა და ბანკის იძულებით დათმობასთან დაკავშირებით განცხადება უნდა გაეკეთებინათ, თუმცა, მოგვიანებით გადაიფიქრეს. როგორც გოგუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას „ლიბერთი ბანკისა“ და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები შესთავაზეს.
