კახა კალაძის განცხადებით, „კალა კაპიტალი“ „საქჰიდრომშენში“ კუთვნილი აქციების გასხვისების პროცედურას დაიწყებს
კახა კალაძის განცხადებით, „კალა კაპიტალი“ „საქჰიდრომშენში“ კუთვნილი აქციების გასხვისების პროცედურას დაიწყებს
14:48 22.10.2012
ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, მისი თანამდებობაზე დანიშვნიდან 10 დღის ვადაში, ჰოლდინგი „კალა კაპიტალი“ სს „საქჰიდრომშენში“ კუთვნილი აქციების გასხვისების პროცედურას დაიწყებს.

როგორც კახა კალაძის განცხადებაშია აღნიშნული, „საქჰიდრომშენის“ აქციათა 45% „კალა კაპიტალს“ ეკუთვნის, რომლის მფობელიც თვითონაა.

განცხადების თანახმად, „საქჰიდრომშენი“ სხვა პროექტებთან ერთად, ენერგეტიკულ სექტორთან დაკავშირებულ პროექტებსაც ახორციელებს.

„ამდენად, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, ჩემი თანამდებობაზე დანიშვნიდან 10 დღის ვადაში „კალა კაპიტალი“ „საქჰიდრომშენში“ კუთვნილი აქციების გასხვისების პროცედურას დაიწყებს“ - ნათქვამია მის განცხადებაში.

რაც შეეხება ბიზნეს-საქმიანობას, რომელიც ენერგეტიკულ სექტორს არ უკავშირდება, კალაძის თქმით, კანონმდებლობის შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღება.

კალაძის განცხადებით, მისი საქმიანობა ყოველთვის ეფუძნებოდა და მომავალშიც კანონის პატივისცემას დაეფუძნება.

ბეჭდვა