„ქართუ ბანკის“ პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის მონაწილეობით მიღებული კანონის შედეგად „ქართუ ბანკმა“ 190 მლნ ლარი დაკარგა. 
ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. 
ჯავახიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს აბსურდული უწოდა და აღნიშნა, რომ განცხადება, თითქოს, ეროვნული ბანკის საქმიანობის შედეგად „ქართუ ბანკს“ ერთი თეთრიც არ დაუკარგავს, სინამდვილეს არ შეესაბამება.
ჯავახიშვილის განცხადებით, პარლამენტმა კანონში ცვლილება „დანაშაულებრივად და სპეციალურად“ შეიტანა, რითიც „ქართუ ბანკი“ ფინანსურად დააზარალა.  
„ქართუ ბანკის“ პრეზიდენტი გაკვირვებულია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით იმასთან დაკავშირებით, რომ ის ბანკის მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას იღებს. ჯავახიშვილის თქმით, პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, მინიმუმ თანამდებობიდან გადადგომას ნიშნავს. 
როგორც ჯავახიშვილმა აღნიშნა, „ქართუ ბანკის“ წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებრივ ქმედებებში ხელისუფლების ყველა სტრუქტურა მონაწილეობდა. 
„ყველა ამ ფაქტში ასევე იკვეთება ეროვნული ბანკის ძალიან აქტიური და დესტრუქციული თანამშრომლობა“-აღნიშნა მან. 
ნოდარ ჯავახიშვილი არჩევნებში გამარჯვებულმა „ქართულმა ოცნებამ“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. 
 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       