ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატი ნოდარ ჯავახიშვილი იმედოვნებს, რომ აღნიშნულ პოსტზე მის წარდგენამდე შეიცვლება შესაბამისი კანონდებლობა, 
რომელიც ბანკის საბჭოს წევრებად არაპროფესიონალების დანიშვის საშუალებას იძლევა.
ჯავახიშვილმა კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებას „დანაშაულებრივი და აბსურდული“ უწოდა და აღნიშნა, რომ ის წინა მოწვევის პარლამენტმა მიიღო. 
„კანონში, ფაქტობრივად, ჩაიწერა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები შეიძლება იყვნენ პროკურატურის თანამშრომლები. კანონის ეს მუხლი შეიცვლება, აღდგება მისი ძველი რედაქცია და ავტომატურად, ეროვნული ბანკის საბჭოს გარეთ დარჩებიან ადამიანები, რომლებსაც ცივილიზებული ნორმებით არ ჰქონდათ უფლება საბჭოს წევრები გამხდარიყვნენ“-განუცხადა ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს. 
მისივე თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, პრეზიდენტს აღნიშნულ თანამდებობაზე არაპროფესიონალების წარდგენის უფლება აღარ ექნება და ეროვნული ბანკის საბჭო ფინანსებისა და ეკონომიკის დარგის „კარგი მცოდნეებით“ დაკომპლექტდება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       