მონაცემების დაზუსტებისა და შედარების მიზნით, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში მსოფლიო ბანკის ექსპერტები და სომხეთის რესპუბლიკის სტატისტიკის
ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
როგორც „ნიუსპრესს“ საქსტატიდან აცნობეს, საქართველო საერთაშორისო შედარებების პროგრამის (International Comparison Program, ICP) 2011 წლის რაუნდში მონაწილეობს.
ICP-ის მიზანი ვალუტების მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით პროგრამაში მონაწილე ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის შედარებაა, რაც სხვადასხვა ქვეყნის კეთილდღეობის დონეების შედარების შესაძლებლობას იძლევა.
პროგრამის საბოლოო პროდუქტი ვალუტების მსყიდველობითი უნარის პარიტეტია (purchasing power parity - PPP), რომელიც სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების, საინვესტიციო საქონლისა და სამშენებლო მასალების ფასების, ასევე, 2011 წელს საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების შედარებით იანგარიშება.
საერთაშორისო პროგრამაში საქართველოს მონაწილეობა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ორმხრივი შედარების გზით ხორციელდება.
ფასების რეგისტრაციის საველე სამუშაოები 2011 წელს შესრულდა. კვლევის საბოლოო შედეგებს 2013 წელს მსოფლიო ბანკი გამოაქვეყნებს.
