ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის დავით სერგეენკოს განცხადებით, სადაზღვევო პაკეტი ყველასთვის ერთნაირი არ იქნება, განსხვება მცირე, კერძოდ კი, ასაკობრივი და სოციალური ფაქტორების შესაბამისი იქნება.
როგორც სერგეენკომ დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, ძირითადი საბაზისო სახელმწიფო პაკეტი ბიუჯეტიდან დაფინანსდება და თანხების წარმართვა ერთიანი სახელმწიფო სადაზღვევო ფონდიდან მოხდება.
„მაგალითად თუ სადაზღვევო პაკეტი კარდიოქირურგიულ ოპერაციას ანაზღაურებს, ის აქტუალური გარკვეული ასაკობრივი ჯგუფისთვის იქნება. ბავშვშვებისთვის კი, აქტუალური სხვა საკითხებია. რაც შეეხება ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, სადაზღვევო პაკეტი სხვა, მესამე მიმართულებით არ ჩამოყალიბდება“ - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.
რაც შეეხება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს და სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამაში მათთვის დამატებითი პრიორიტეტების გათვალისწინებას, სერგეენკოს განცხადებით, ეს პაკეტში არ აისახება, თუმცა, მისი თქმით, არსებობს სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც ამ კატეგორიის ბავშვებისთვის სხვადასხვა მომსახურებას ითვალისწინებს.
მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, სამინისტროს პირველი ნაბიჯი პენსიის საარსებო მინიმუმთან დაახლოება, ხოლო შემდეგი ნაბიჯი საარსებო მინიმუმის დროის იმ პერიოდის შესაბამისად გადაფასება იქნება რა პერიოდშიც ეს გადაფასება ხდება.
მისი თქმით, პროექტი ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელდება, თუმცა, პრიორიტეტი ერთიანი სადაზღვევო პაკეტით მოსახლეობის უზრუნველყოფა იქნება, რაც 2013 წლის დასაწყისში განხორციელდება.
სხვა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, სერგეენკომ აღნიშნა, რომ მათ განსასაზღვრად 2013 წლის ბიუჯეტის ზუსტი ცოდნაა საჭირო.
