ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობის პრივატიზაციის პროცესი შეჩერებულია.
როგორც მან დღეს „მაესტროს“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა, დღეს სამინისტროს ყოფილ ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე მას აუცილებლად განიხილავენ.
„თუ რა იურიდიულ სტატუსში იმყოფება საკითხი ამასთან დაკავშირებით ზუსტ დეტალებს ვერ გეტყვით. პარლამენტის შენობის ქუთაისში გადატანა შეცდომა იყო. ქუთაისის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მსგავსი ხელოვნური ზომებით ქალაქის განვითარება არასწორია“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, აბსოლუტურად სხვა ზომებია საჭირო იმისთვის, რომ ქუთაისი მიმზიდველი გახდეს.
რაც შეეხება სიმბოლურ ფასად გასხვისებული ობიექტების კანონიერი მფლობელებისთვის დაბრუნების საკითხს, მინისტრობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ თავისუფალი სასამართლოს პრეროგატივაა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ეკონომიკის სამინისტრო არავითარ შემთხვევაში თვითნებურად არ მიიღებს.
ამასთან, მინისტრობის კანდიდატმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ დადებული ხელშეკრულებების საზოგადოებისთვის გაცნობის პირობა დადო.
„ყველა სტრუქტურისთვის ჩემი ბრძანება იქნება, რომ საზოგადოებისთვის ყველა ამ ტიპის ხელსეკრულება ხელმისაწვდომი იყოს“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, ადმინისტრაციული კოდექსი ირღვეოდა, როდესაც მსგავსი ტიპის ხელშეკრულებებს ჟურნალისტები და საზოგადოება ვერ ეცნობოდა.
