ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი დღეს 16:00 საათზე ეკონომიკის სამინისტროში გეგმავს მისვლას.
როგორც კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ პრეს-კლუბში განაცხადა, სამინისტროში მისი მისვლის მიზანი ამ უწყებაში არსებული ვითარების გაცნობაა.
მისი თქმით, ის ადგილზე გაეცნობა სამინისტროში დასაქმებულ პერსონალს და მათ შესაძლებლობებს.
„ვგეგმავ გავიცნო ისინი და გავარკვიო რა კადრებითაა დაკომპლექტებული სამინისტრო. ჩემი დიდი სურვილია ყველა პროფესიონალმა გააგრძელოს მუშაობა, თუმცა, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების მიმართულებების შემოერთების შემდეგ, გარკვეული ოპტიმიზაცია მოხდება“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, მან პირველი მოადგილე უკვე შეარჩია და ის დიმიტრი ქუმსიშვილი იქნება, რომელიც, როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, „ქართუ ბანკშიც“ მისი მოადგილე იყო.
