სურსათის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სემინარი ხვალ გაიმართება
სურსათის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სემინარი ხვალ გაიმართება
19:08 15.10.2012
საქართველოში ხვალ სურსათის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სემინარი გაიხსნება, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო უმასპინძლებს.

სემინარის თემა ,,აგრარული კოოპერატივები - მსოფლიოში შიმშილის დაძლევის გზა“ იქნება. როგორც სოფლის მეურნეობის უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული თემა სურსათის უსაფრთხოებასა და შიმშილის დაძლევაში კოოპერატივების როლის წინ წამოწევის მიზნით შეირჩა.

ღონისძიება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით იმართება. მას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე კობახიძე, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, ევროკავშირის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, დონორი ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

სემინარს საქართველოში გაერო-ს წარმომადგენელი გახსნის და მიწვეულ სტუმრებს გენერალური დირექტორის მიმართვას გააცნობს.

ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი აგრარული კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაციაცაა დაგეგმილი. გარდა ამისა, მსოფლიო სურსათის დღის თემასთან დაკავშირებით პოსტერების შექმნაზე სკოლის მოსწავლეებისთვის გამოცხადებული კონკურსის ფინალისტთა დაჯილდოვებაც გაიმართება.




ბეჭდვა