კომპანია „სილქნეტში“ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კომპანია საინფორმაციო სააგენტო „გურია ნიუსს“ ინტერნეტის მიწოდებას მიზანმიმართულად უზღუდავს, არასწორს უწოდებენ.
როგორც „სილქნეტის“ განცხადებაშია ნათქვამი, კომპანიის მხრიდან ობიექტური ინფორმაციის შეზღუდვის არანაირი მცდელობას, ან სააგენტოს მუშაობის შეფერხებას ადგილი არ ჰქონია.
„გაცნობებთ, რომ 29 სექტემბერს ოზურგეთში რამდენიმესაათიანი გეგმიური ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც „სილქნეტის“ საკომუნიკაციო კარადის ადგილის ცვლილება მოხდა. კერძოდ, ჭავჭავაძის #2-ში მდებარე „სილქნეტის“ კარადის გადატანა იმის გამო გახდა საჭირო, რომ აღნიშნულ ადგილას ქალაქის რეაბილიტაციის ფარგლებში, ფასადების შეკეთება მიმდინარეობს“ - ნათქვამია განცხადებაში.
„სილქნეტის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კომპანიის ტექნიკურმა პერსონალმა საკომუნიკაციო კარადა 29 სექტემბრის დილას მოხსნა და იმავე დღეს რუსთაველის #6-ში დაამონტაჟა, რის გამოც ჭავჭავაძის #4-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს, სადაც „გურია ნიუსი“ მდებარეობს, ინტერნეტი გაეთიშა.
განცხადების თანახმად, ინტერნეტის მიწოდება იმავე საღამოს აღდგა და ამჟამად, მედია საშუალებას ინტერნეტი შეუფერხებლად მიეწოდება.
