"ლეიბორისტული პარტია" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ელექტროენერგიის მოქმედი ტარიფის შემცირებას სთხოვს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ლეიბორისტული პარტიის" იდეოლოგიურმა მდივანმა კახა ძაგანიამ განაცხადა, საქართველოში დენზე და წყალზე დადგენილი სამომხმარებლო ტარიფები საკმაოდ მაღალია და ის რეალურ საფასურს არ შეესაბამება.
"ლეიბორისტების" თქმით, ტარიფების დადგენის დროს, მარეგულირებელმა კომისიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაარღვია.
"მოვუწოდებთ კომისიას დაუყოვნებლივ გააუქმოს ელექტროენერგიის მოქმედი ტარიფები და დაწიოს ის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ დაბალ ზღვრულ ნორმამდე",- აღნიშნულია "ლეიბორისტული პარტიის" მიმართვაში.
