პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ" კანონპროექტს მეორე მოსმენით 80 ხმით დაუჭირა მხარი
პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ" კანონპროექტს მეორე მოსმენით 80 ხმით დაუჭირა მხარი
23:21 26.07.2021
დეპუტატებმა „მეწარმეთა შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით 80 ხმით მიიღეს. კანონპროექტი კომპანიების პარტნიორებს შორის ურთიერთობებს ახლებურად აწესრიგებს. რეგულირდება სამეწარმეო საზოგადოებების დაფუძნების, რეორგანიზაციის, ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის საკითხები, პარტნიორთა კრების კომპეტენცია, სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებები, კონკურენციის, რეესტრის საჯაროობის საკითხები.

„კანონპროექტით შემოდის მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონული პორტალი, როგორც ერთიანი ელექტრონული სივრცის ცნება", - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.

კანონპროექტი კონკურენციის აკრძალვის საკითხს აწესრიგებს. კერძოდ, ხელმძღვანელი ორგანოს წევრს უკრძალავს სამეწარმეო საზოგადოების თანხმობის გარეშე იგივე საქმიანობის განხორციელებას, რომელსაც ეწევა სამეწარმეო საზოგადოება, ასევე უკრძალავს, იყოს მსგავს სფეროში მოქმედი სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირი.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა კანონპროექტი მუხლობრივად განიხილეს.
ბეჭდვა