გენადი არველაძე საერთაშორისო ფორუმზე „მედიაცია ბიზნესისთვის" მოხსენებით გამოვიდა
გენადი არველაძე საერთაშორისო ფორუმზე „მედიაცია ბიზნესისთვის" მოხსენებით გამოვიდა
16:54 20.07.2021
„ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება საქართველოს ავალდებულებს, განავითაროს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები, განსაკუთრებით კი, მედიაცია და არბიტრაჟი და შექმნას მათი გამოყენებისთვის ხელსაყრელი პირობები. „მედიაციის შესახებ" კანონის მიღებამ, ერთი მხრივ, უზრუნველყო საერთაშორისო ვალდებულებების დაკმაყოფილება, ხოლო მეორე მხრივ, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების შემოღება ხელს უწყობს სამოქალაქო დავების სიმრავლით გადატვირთული სასამართლოების განტვირთვას და საქმეების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში დასრულებას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ საერთაშორისო ფორუმზე „მედიაცია ბიზნესისთვის" სიტყვით გამოსვლისას, რომელიც წელს პირველად ჩატარდა და არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე ონლაინ ფორმატში გაიმართა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2020 წელს მორიგების მაჩვენებლის მხრივ, განსაკუთრებით წარმატებული დავის კატეგორიებს შორის იყო შრომითი, მიკროსაფინანსო, საბანკო და ბიზნეს-პარტნიორული ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები.

„დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების გამოყენება, მოდავე მხარეთა ნებაზეც არის დამყარებული, რადგან მათ თავად კონსენსუსის გზით უნდა აირჩიონ დავის გადაწყვეტის ეს ფორმა. ამასთან დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების გამოყენება სასამართლო საქმისწარმოებასთან შედარებით იაფია. შესაბამისად, მედიაციის შესახებ კანონით განსაზღვრული დებულებების გამოყენება ბიზნესის მხრიდან არა მარტო დავების გადაწყვეტის მარტივი გზაა, არამედ ფინანსურადაც მომგებიანია. მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის ცნობადობის ამაღლება დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების გამოყენებისა და მისგან მიღებული ბენეფიტების (მარტივი გზა და იაფი) თვალსაზრისით.

ვფიქრობ, ბიზნეს სექტორი აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესებში, რათა მიიღოს მეტი ინფორმაცია კონკრეტული საქმეების მაგალითებზე დავის ალტერნატიული საშუალების ფორმების პრაქტიკული გამოყენების შესახებ, რაც მათ შეუქმნის ამ ინსტიტუტის მიმართ სანდოობას," - განაცხადა გენადი არველაძემ სიტყვით გამოსვლისას.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ასევე მართლმსაჯულების ორგანოების მხრიდან დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების მიმართ მხარდამჭერი პოლიტიკის გატარება, განსაკუთრებით, ახალი ინსტიტუციების დანერგვის სტადიაზე. მისი თქმით, დავების ალტერნატიული მექანიზმის საკანონმდებლო დონეზე მყარი და სტრუქტურიზებული ინსტიტუციონალიზაცია დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორია, როგორც ზოგადად დავების, ისე ბიზნეს სექტორში არსებული დავების გადასაჭრელად.

აღსანიშნავია, რომ „მედიაციის შესახებ" საქართველოს კანონი 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების განვითარების ხელშეწყობას. მედიაცია დავების მოგვარების ერთ-ერთი მეთოდია, რომლის დროსაც მიუკერძოებელი მხარე (მედიატორი) მოდავე მხარეებს ურთიერთმისაღები შეთანხმების მიღწევაში ეხმარება. სასამართლო მედიაციის მიზანია ხელი შეუწყოს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანობის გაზრდას და თავის მხრივ, სასამართლოს მაქსიმალურად განტვირთვას ისეთი დავებისაგან, რომლებსაც აქვთ ურთიერთშეთანხმებით დასრულების პერსპექტივა.


ფორუმი საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა და საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის აპარატის ორგანიზებითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID/PROLoG) მხარდაჭერით გაიმართა.
ბეჭდვა