თბილისსა და ბათუმში ქართულ-შვედური ბიზნესფორუმი გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება 26-28
სექტემბერს, შვედეთში საქართველოს საელჩოსა და შვედეთის სავაჭრო საბჭოს ეგიდით შედგება.
ფორუმში შვედური მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში ცნობილი შვედური ფირმები - Ericsson, ABB, Elekta, HAGS, SSAB, Swedbank, Xylem, TeliaSonera.
ამავე პერიოდში, თბილისს შვედეთის საგარეო ვაჭრობის სახელმწიფო მდივანი გუნარ ოომი ეწვევა.
ბიზნესფორუმის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას შვედეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქავთარაძეც მიიღებს.
როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, ვიზიტი და ბიზნესფორუმი საქართველოსა და შვედეთს შორის პირდაპირი ეკონომიკური კავშირების განვითარებასა და შვედური ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
