ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა
17:32 01.07.2021
საქართველოში ვირტუალურ ფორმატში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ორკვირიანმა მისიამ, რომელიც სსფ-ის IV მუხლის დებულების მიხედვით, კონსულტაციების ფორმით ხორციელდება.


შეხვედრის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შეფასება.


აღნიშნულ ფორმატში მისიის წევრები შეხვდნენ ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს. შეხვედრას, ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები, საბიუჯეტო და მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელები.


ფინანსთა მინისტრმა მისიის წევრებს გააცნო ეკონომიკაში არსებული ვითარება, ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზები, ბიზნესის და სოციალური მხარდაჭერის კუთხით განხორციელებული ღონისძიებები, მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების დინამიკა, ფისკალური კონსოლიდაციისა და ფინანსური სექტორის მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით დაგეგმილი ნაბიჯები.


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" პროგრამის მხარდაჭერით, ქვეყანაში განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები, ასევე, მოხერხდა კოვიდ-19-ის გლობალური პანდემიის შედეგად მიყენებული ზიანის შემცირება.


საქართველო გეგმავს ახალი პროგრამის დაწყებას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს პოსტპანდემიურ პერიოდში ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას.
ბეჭდვა