ლევან დავითაშვილი: 2021-2023 წლებში, საქართველოში 91 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა
ლევან დავითაშვილი: 2021-2023 წლებში, საქართველოში 91 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა
13:58 01.07.2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გრძელვადიანი ხედვის - „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაცია გამართა. მინისტრმა განვითარების ხედვის მიმართულებებზე, მათ შორის, სატყეო რეფორმის მიმართულებით დეტალურად ისაუბრა.

„სატყეო სექტორის რეფორმა არის ძალიან კომპლექსური. საქართველომ უკვე მიიღო ახალი ტყის კოდექსი და შექმნა ტყის მართვის ახლებური პოლიტიკა. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება განხორციელება. ჩვენ ინტენსიურად დავიწყეთ ახალი პოლიტიკის გატარება და ინვესტირება სატყეო სექტორის განსავითარებლად. შესაბამისად, 2021-2023 წლამდე, საქართველოში 91 „საქმიანი ეზო“ უნდა მოეწყოს. ეს გულისხმობს იმას, რომ 2023 წლისთვის სოციალური ჭრა, მოსახლეობის ტყეში შესვლა მერქნის მოპოვების მიზნით, რაც უამრავ პრობლემასთან, რისკთან, მათ შორის ჯანმრთელობის, არის დაკავშირებული, აღარ იქნება. ჩვენ თითოეულ მუნიციპალიტეტში, შემდგომი გადამუშავების მიზნით, მერქნული მასალა უნდა მივაწოდოთ როგორც კერძო სექტორს, ბიზნესსექტორს, ისე ჩვენს მოსახლეობას. ასევე, ჩნდება პირდაპირი წვდომა ნარჩენზე, რომელიც არის უნიკალური ბიომასა ალტერნატიული საწვავის გამოყენების კუთხით, როგორც მინიმუმ, მაგრამ სხვა მიზნებისთვისაც მას დიდი გამოყენების საშუალება აქვს. საქართველოში, იქ სადაც გვაქვს შეზღუდული სასოფლო-სამეურნეო სავარგული და სოფლის მეურნეობის შეზღუდული რესურსი, ზუსტად იქ გვაქვს მდიდარი ტყის რესურსი, რომელიც ასევე მდიდარია არამერქნული რესურსითაც. არამერქნული რესურსების გამოყენება, ტყეში ეკოინფრასტრუქტურის განვითარება და ეკოტურისტული ბიზნესის განვითარება არის ალტერნატიული შემოსავლები სატყეო სააგენტოსთვის და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის. უკვე დავიწყეთ ინტენსიურად „საქმიანი ეზოების“ მოწყობა, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, მაგრამ 30 წლისთვის სრულად მოვახდენთ მოსახლეობისთვის მერქნული რესურსებით მომარაგებას ფაქტობრივად მათ საცხოვრებელ არეალთან ძალიან ახლოს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ტყის ახალი კოდექსის და სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვან სიახლეს მერქნული რესურსით ორგანიზებული სარგებლობა წარმოადგენს.

მერქნული რესურსით სარგებლობის სწორი განვითარება, რაც მოიცავს ხე-ტყის დამზადებასა და მასთან დაკავშირებულ დამატებით ღირებულებებს, როგორიცაა ხე-ტყის ნარჩენით ბიომასისა თუ სხვა პროდუქტების წარმოება, ასევე, ხე-ტყის მეორადი გადამუშავება, მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს მერქნის ლეგალური ბაზრის ჩამოყალიბებას, ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.

სოციალური ჭრები, რაც გულისხმობდა მოსახლეობის მიერ შეშის საკუთარი ძალებით დამზადებას, ეტაპობრივად გაუქმდება. ეროვნული სატყეო სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას „საქმიან ეზოებში“, ქვეყნის მასშტაბით უკვე მოეწყო 26 „საქმიანი ეზო“, რასაც წლის ბოლომდე კიდევ ათი დაემატება.

„საქმიანი ეზოებიდან“ მოსახლეობის მიერ საშეშე მერქნის შეძენაზე სრულად გადასვლა 2023 წლიდან იგეგმება. სააგენტო მუშაობს ახალი სერვისების დანერგვაზე, რაც საშუალებას მისცემს მოსახლეობას, გამარტივებულად შეიძინოს შეშა და ისარგებლოს ტრანსპორტირების მომსახურებით.

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში, სამინისტროები საკუთარი მიმართულების ხედვებს წარადგენენ, რომელიც ეკონომიკური სტაბილურობისა და ქვეყნის სიძლიერისთვის მომდევნო წლების სახელმძღვანელო იქნება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველი უწყებაა, რომელმაც დარგის განვითარების ათწლიან ხედვა წარადგინა.

ბეჭდვა