გარდაბანში ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის განხორციელების საკითხში "მიმსან გრუპთან" ერთად კიდევ ორი ინვესტორი განიხილება.
ამის შესახებ "ნიუსპრესს" საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის დირექტორმა ნათია თურნავამ განუცახდა.
მის თქმით, ამ ეტაპზე, ჩინურ და ევროპულ კომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
"მიმსან გრუპთან" გაფორმებული მემორანდუმი არ ნიშნავს იმას, რომ თბოელექტროსადგურს აუცილებლად ეს კომპანია ააშენებს. მშენებლობას ის განახორციელებს, ვინც უფრო უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს"-აცხადებს თურნავა.
საქართველოში ყველაზე დიდი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობის დაწყება უახლოეს მომავალში იგეგმება.ამ საკითხთან დაკავშირებით " მიმსან გრუპთან" მემორანდუმი დაახლოებით 2 კვირის წინ გაფორმდა.
თურნავა განმარტავს, რომ სადგური 1 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავების. 160 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგური გარდაბანში აშენდება. პროექტის ღირებულება ამ ეტაპისთვის დაზუსტებული არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, ის 100 მლნ აშშ დოლარი იქნება.
თურნავას თქმით, თბოელექტროსადგური ტყიბულში მოპოვებულ ნახშირზე იმუშავებს.
