კატარის სახელმწიფოში, Lulu-ს ჰიპერმარკეტების ქსელში ქართული პროდუქცია განთავსდა
კატარის სახელმწიფოში, Lulu-ს ჰიპერმარკეტების ქსელში ქართული პროდუქცია განთავსდა
11:12 10.06.2021
კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს და სპარსეთის ყურის რეგიონის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ქსელების კომპანია Lulu Hypermarket-ის მრავალთვიანი ერთობლივი ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, Lulu-ს ჰიპერმარკეტების ქსელში ქართული პროდუქცია განთავსდა.

2021 წლის 9 ივნისიდან ქ. დოჰასა და კატარის სხვა ქალაქებში არსებულ Lulu Hypermarket-ის 14 სავაჭრო ობიექტში კატარელი მომხმარებლები შეძლებენ სხვადასხვა ქართული კომპანიების მიერ წარმოებული 50-მდე ნაირსახეობის პროდუქტების შეძენას. მინერალური წყალი,ნატურალური წვენები, ჩაი, ყავა, კომპოტი, ჩირი, შოკოლადი - ამ და სხვა მზა პროდუქციასთან ერთად, Lulu Hypermarket-ის სავაჭრო ქსელში განთავსდა ქართული სეზონური ხილი და ქართული ცხვრის ხორცი.


ქართული პროდუქციის Lulu-ს ქსელში განთავსების აღსანიშნავი ღონისძიება, სლოგანით ქართული პროდუქტების ფესტივალი 2021 (Georgian Food Festival 2021), საზეიმო ვითარებაში გახსნეს კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა და Lulu Group International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მოჰამედ ალტაფმა.


ხსენებული ფესტივალის ფარგლებში, მომდევნო 7 დღის განმავლობაში, Lulu Hypermarket-ის სავაჭრო ობიექტებში განხორციელდება სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებები კატარულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ცნობადობის ამაღლების მიზნით.

ბეჭდვა