500 Startups-მა შერჩეული სტარტაპებისთვის ინტენსიური კურსი დაიწყო
500 Startups-მა შერჩეული სტარტაპებისთვის ინტენსიური კურსი დაიწყო
14:20 02.02.2021
მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა ბიზნესაქსელერატორმა 500 Startups-მა 500Georgia აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში ექვსკვირიანი ინტენსიური კურსის მეორე ეტაპი დაიწყო. ინტენსიური პროგრამა 12 მარტამდე გაგრძელდება. აქსელერაციის პროგრამის დასრულებისას დასახელდება 2 კომპანია SiliconValleyImmersion-სთვის.

მეორე ეტაპისთვის 500 Startups-მა, როგორც საქართველოს, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოდგენილი 140 აპლიკაციიდან 15 სტარტაპი შეარჩია. 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის იანვრამდე, შერჩეულმა კომპანიებმა Foundations Bootcamp და Remote Experimentation პროგრამები გაიარეს. 2,5 თვის პერიოდის მანძილზე სტარტაპ დამფუძნებლებთან მუშაობის საფუძველზე, 500 Startups-მა შეაფასა კომპანიების საბაზრო პოტენციალი, ზრდის მაჩვენებლები და გუნდის პროგრამაში ჩართულობის ხარისხი.

კომპანიების უმრავლესობამ შთამბეჭდავი პროგრესი აჩვენა, თუმცა საბოლოო ჯამში 15-დან 10 სტარტაპი გადავიდა შემდეგ ეტაპზე, რომელიც ექვსკვირიან ინტენსიურ სააქსელერაციო პროგრამას გაივლის. ეს სტარტაპებია:
● Activechat
● Agrolabs
● B2C.GE
● Corebook
● Kernel
● Kvalifika
● My Nanny
● PAYZE
● Simpolium
● YouTravel.me
შერჩეული 10 სტარტაპიდან 4 უცხოური კომპანიაა, მათ შორის ლატვიის, უკრაინისა და ესტონეთის ქვეყნებიდან. 10 კომპანიიდან 4 კომპანიას თანადამფუძნებელი ქალი ჰყავს.
ხუთი სტარტაპი შეირჩა საქართველოს ბანკის მეორე დონის ინვესტიციებისთვის. Growth Intensiveკურსის დასრულებისას ამ კომპანიებიდან ორი მიიღებს ბილეთს Silicon Valley-ში წასასვლელად immersion program- ში მონაწილეობის მიღების მიზნით.


საერთაშორისო ტოპაქსელერატორი 500 Startups-ი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შემოვიდა. სამმხრივი ხელმოწერა 2020 წლის 20 თებერვალს განხორციელდა.

500 Startups - ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვენჩურული კაპიტალის კომპანია და წამყვანი სტარტაპაქსელერატორია. 2010 წლიდან, სილიკონველიზე მისი დაარსების დღიდან, 500 Startups-მა 2400-ზე მეტ კომპანიაში მოახდინა ინვესტირება. დღესდღეობით მისი კაპიტალი 600 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. მაღალი კლასის აქსელერატორის შემოსვლა ხელს შეუწყობს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებასა და საინვესტიციო პოტენციალის განვითარებას, ქართულ სტარტაპებს კი ეძლევათ შანსი, თავიანთი პროდუქტები გაიტანონ გლობალურ ბაზარზე.


ბეჭდვა